English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები (ჩინეთისა და საქართველოს მაგალითზე)

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის პირველხარისხოვან პრობლემას, როგორიცაა ეკოლოგიური უსაფრთხოება და აღნიშნულია, რომ იგი ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. აქ მოყვანილია ამ პრობლემის განმარტება, მისი შემადგენელი კომპონენტები, მაჩვენებელთა (ინდიკატორთა) სისტემები. ნაშრომში განხილულია მიზეზები, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიური უსაფრთხოების ზოგად მაჩვენებლებზე, მითითებულია მათი აღმოფხვრის გზები.

ნაშრომში ჩინეთისა და საქართველოს მაგალითზე განხილულია ამ ქვეყნებში ეკოლოგიური უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, მოყვანილია თითოეული მათგანის მთავრობათა მიერ დასახული მომავლის გეგმები. ეს ანალიზი გაკეთებულია საკმაოდ ფართო სტატისტიკური ციფრული მასალის საფუძველზე და მოიცავს როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში აღნიშნული პრობლემების ანალიზის საფუძველზე  განზოგადოებულ შესაბამის  დასკვნებს.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება, სოციალური უსაფრთხოება,  ეკოლოგიური უსაფრთხოება. 

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის პირველხარისხოვან პრობლემას ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენს.

ეროვნული უსაფრთხოება ეს არის სახელმწიფო სტრატეგიისა და მიზნების ოფიციალურად მიღებული შეხედულებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო, ინფორმაციული, ტექნოგენური, ეკოლოგიური ან სხვა ხასიათის გარე და შიდა საფრთხეებისგან, არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ტერმინი „ეროვნული უსაფრთხოება“ პირველად გამოიყენა აშშ-ის პრეზიდენტმა თ. რუზველტმა 1904 წელს (პანამის არხთან დაკავშირებით). მის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია მოიცავდა პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებს.

ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ეკოლოგიური უსაფრთხოება. მიღებული განმარტებით, ეკოლოგიური უსაფრთხოება ეს არის გარემოსა და ადამიანზე ეკოლოგიური საფრთხეების ბუნებრივი და ანტროპოგენური ფაქტორების ნეგატიური გავლენის დასაშვები დონე.

ეკოლოგიური უსაფრთხოების მაჩვენებლებია: ბუნებრივი ეკოსისტემების დაზღვევის დონე; ბუნებრივი გარემოს ცალკეული კომპონენტების მდგომარეობა (წყალი, ჰაერი, ნიადაგი); დამაბინძურებელი ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის მოცულობა; დეგრადირებული მიწების ფართობი; რეგიონში დაავადებათა დინამიკა; დაბინძურების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალი და სხვ.

ამის შესაბამისად ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოადგენს:

- ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ავტოტრანსპორტის დიდი გამონაბოლქვის, გამათბობელი სისტემის, ენერგეტიკისა და სამრეწველო საწარმოების მუშაობის შედეგად;

- სასმელი წყლის დაბალი, სულ უფრო გაუარესებული ხარისხი და მთლიანად წყლის რესურსების დაბინძურება;

- ბიომრავალფეროვნების შემცირება და გაქრობა, მიწისა და წყლის ეკოსისტემების დეგრადაცია, ტყის მასივების შემცირება ხანძრების, მავნებლების შესევის, უკანონო ჭრის შედეგად და სხვ.;

- ეკოლოგიური კატასტროფების რისკების ზრდა, ნაგავსაყრელების, ნარჩენების არადამაკმაყოფილებელი შენახვის პრობების შედეგად.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების საფუძველში დევს: ადამიანსა და ბუნებას შორის მდგრადი ურთიერთკავშირის შენახვა; რესურსების რაციონალური გამოყენება; იმ პროცესების რეგულირება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება და ეკოლოგიურად საშიში სიტუაციების შექმნა, მაგალითად, ეკოლოგიურად საშიშ წარმოებათა ნარჩენების დამარხვა (მ.შ. ატომური და ქიმიური მრეწველობის) ყველა საერთაშორისო წესების დაცვით; აგრეთვე მასიური განადგურების იარაღის გამოცდის შედეგების აუცილებელი გათვალისწინება და სხვ.

ეკოლოგიური უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა შეუძლებელია ერთი ეროვნული ინტერესების ფარგლებში. ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა,  ამიტომ თითოეული ქვეყანა, პირველ რიგში ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები, ვალდებული არიან გაითვალისწინონ ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის ყველა მათ ხელში არსებული საშუალებების გამოყენება. ჩინეთი ერთ-ერთი მათგანია.

ჩინეთის ეკოლოგიური პრობლემების აღწერა საკმაოდ რთულია. ძალიან დიდხანს ეკონომიკა ქაოსური იყო, ბუნებრივი რესურსები ნადგურდებოდა წუთიერი მოგების მიზნით. XX საუკუნის მეორე ნახევარში, აქტიური ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, ჩინეთის მთავრობა პრაქტიკულად არ აქცევდა ყურადღებას გარემოს დაბინძურების პრობლემას. 1978 წლის რეფორმების დაწყებიდან ამ საკითხის მიმართ მიდგომები შეიცვალა, თუმცა რეალურ მოქმედებებზე მთავრობა 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან გადავიდა. ახლა გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვის ეგიდით მოქმედებს ათზე მეტი მსხვილმასშტაბიანი გარემოსდაცვითი პროექტი, რომლის დიდმა ნაწილმა სტარტი 1995-98 წლებში აიღო. მათ შორისაა ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგი ჩინეთის 7 ძირითადი მდინარის აუზში; ძლიერად დაბინძურებული წყლის ობიექტების (ტბების) გასუფთავების ღონისძიებათა დანერგვა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკოლოგიური მდგომარეობა ჩინეთში იმდენად გაუარესდა, რომ პროგრესისა და ტექნიკური რევოლუციის უდიდესი მიღწევები ნულამდე დაჰყავს. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სასმელი წყლის და საკვები პრო­დუქტების უხარისხობის გამო ჯანმრთელობის და დაბალი იმუნიტეტის პრობლემები გააჩნია. მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო სეზონური ვირუსები ძალიან მალე ვრცელდება, მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება.

ჩინეთის ეკოლოგიის მდგომარეობაზე წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 1.

ცხრილი 1

ჩინეთის ეკოლოგიური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი

მაჩვენებელი

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

ეკოლოგიური ეფექტიანობის  ინდექსი

28.4

-

37.3

-

50.74

-

65.1

ჰაერის დაბინძურების ინდექსი

30.6

32.6

34.7

39.1

41.2

-

57.2

გარემოს დაბინძურების ინდექსი

80.6

81.5

80.8

81.9

85.9

89.0

85.5

CO2-ის გამონაბოლქვი

ერთ სულ მოსახლეზე (ტ)

-

8.73

8.39

7.6

7.49

7.7

7.12

აირების გამონაბოლქვი (მლნ. ტ)

-

12466.32

11948.12

10707.22

10502.93

10877.218

9123.0

მეცნიერების აზრით, ჩინეთის ეკოლოგიის ძირითადი პრობლემა შხამიანი სმოგია. ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფანტვა ხდება უამრავი სამრეწველო საწარმოს, ჰესების, ტრანსპორტისა და ა.შ. ფაქტორების მიერ. თუკი ევროპელები პირბადეების ტარების პრობლემას პირველად კოვიდის დროს შეეჯახნენ, ჩინეთში მათი მასიური ტარება შედარებით ადრე დაიწყეს. გაეროს მიერ შემუშავებული ჰაერის დაბინძურების ინდექსის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი ჩინეთში სწრაფად უარესდება და  2019 წლიდან (39.12 ქულა) 2021 წელს (20.6 ქულა) 19.6 ქულით შემცირდა. მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ტოპ-ოცეულში 16 ჩინური ქალაქი შედის.

ეკოლოგიური კატასტროფის მნიშვნელოვანი წილი იმ საწარმოებზე მოდის, რომლებიც აბინძურებს წყლის რესურსებს.  შედარებისათვის ევროპაში იმ საწარმოების წილი, სადაც ხდება ჩამდინარე წყლების გაწმენდა, 80-85%-ს, ჩინეთში კი მხოლოდ 20%-ს შეადგენს. ჰიდროსფეროს დაბინძურება იწვევს სასმელი წყლის დეფიციტს. ბუნებრივი წყლის წყაროების (მდინარეების, ტბების) ნაპირზე მცხოვრები სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ წყლების სარწყავად გამოყენებას თავიანთ მეურნეობებში.

გაეროს ეკოლოგიური ინდექსის მიხედვით ჩინეთში სულ რაღაც 4 წლის წინ,  2018 წელს, ეს მაჩვენებელი 50.74 ქულას შეადგენდა, ხოლო 2022 წელს იგი 28.4 ქულამდე შემცირდა. ეს პროცესი  ბოლო პერიოდში მუდმივად გრძელდება.

2014 წელს ჩინეთმა ბუნებრივი რესურსების დაცვა კონსტიტუციაში შეიტანა. შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამა სასათბურე გაზების გაფანტვის შემცირების მიზნით. 2025-30 წლებში ქვეყანაში იგეგმება ქვანახშირის მოხმარების შემცირება 75%-ით. იგი ქარისა და მზის ელექტროსადგურებმა უნდა ჩაანაცვლოს. უკვე აკრძალულია პლასტიკის იმპორტი. 2019 წლიდან შემოტანილია ერთჯერადი პაკეტებისა და სამაგიდო საგნების მოხმარების თანდათანობითი აკრძალვა. აქტიურად ირგვება ხეები და იქმნება „მწვანე სარტყლი“  მაქსიმალურად დიდ ტერიტორიებზე.

სრულიად ნათელია, რომ ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირია. ეკოლოგიურ პრობლემებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე, თავის მხრივ, ეკონომიკის წარმართვას ბუნებისდაცვითი მოთხოვნების არგათვალისწინებით მნიშვნელოვნად შეუძლია არსებული გარემოს შეცვლა.  ერთი მხრივ თუ ვფიქრობთ, რომ გარემოს დაცვითი საკითხების გათვალისწინება დამატებითი ხარჯია და ეკონომიკის განვითარებას ანელებს, მეორე მხრივ მისი საერთოდ არ გათვალისწინება  დროთა განმავლობაში მთლიანად მოშლის ეკონომიკას. გარემოს მიმართ ცუდი მოპყრობა საბოლოოდ შეამცირებს იმ რესურსებს, რომელიც საჭიროა წარმოებისა და ეკონომიკისათვის, საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და ა.შ., რაც ნამდვილად უარესია, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკის განვითარების შენელება ზოგ შემთხვევაში. ეკონომიკის შენელება, როგორც წესი, ეკოლოგიის ღონისძიებათა საწყისი ეტაპის თანმდევი ეფექტია, შემდგომში კი ბუნებისდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინება და გარემოსადმი მიყენებული ზიანის შემცირება იწვევს ეკონომიკის ზრდისა და განვითარების დაჩქარებას და, რა თქმა უნდა, გარემოპირობებისა და შესაბამისად ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. უდავოა, რომ აღნიშნული გზით ბევრად უფრო კარგი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე გარემოსადმი ზიანის მიყენების უგულებელყოფით, თუმცა ამისდა მიუხედავად არცერთი ინვესტორის ინტერესებში არ შედის ის, რომ გაითვალისწინოს ბუნებისდაცვითი მოთხოვნები და გაიღოს ამისთვის დამატებითი ხარჯები. ამის ახსნა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინება საწყის ეტაპზე იწვევს დანახარჯების ზრდას და რიგ შემთხვევებში ეკონომიკური ზრდის შენელებასაც.

მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ხშირად ეკონო­მიკის განვითარებისათვის საჭირო ხდება გარკვეულ ეკოლოგიურ დათმობებზე წასვლა, გარემოსადმი ზიანის მიყენების უგულებელყოფა. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიღწევა ეკოლოგიური პრობლემების გარეშე საკმაოდ რთული ამოცანაა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ასეთი პატარა ქვეყნისათვის რთულია იმ დამატებითი ხარჯებისა და რესურსების გაღება, რაც საჭიროა ბუნებისდაცვითი მოთხოვნების შესასრულებლად.

როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანა, საქართველოც სხვადასხვა გარემოსდაცვითი პრობლემის წინაშე დგას. უდავოა, რომ ამ პრობლემების გადაჭრა წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას, რომლის გადაწყვეტა მოითხოვს სახელმწიფო ეკოლოგიური უსაფრთხოების გამართული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ის, რომ საქართველოში ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და შემდგომ დახვეწას მოითხოვს, განპირობებულია იმით, რომ საბჭოთა პერიოდში  ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება პრიორიტეტული არ იყო. ასევე, დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში ჩვენი რესპუბლიკის წინაშე არსებული პრობლემები არ იძლეოდა საშუალებას, განსაკუთრებული ყურადღება დათმობოდა ეკოლოგიურ პრობლემებს. ეკოლოგიური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მისი მიზანია მოსახლეობისა და გარემოს უსაფრთხოების დაცვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების, გარემოს დაბინძურების, ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი კრიზისების პრევენციის გზით. აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, მიწისძვრა, ასევე სამრეწველო ავარიების,  შავი ზღვის დაბინძურების პრევენცია და სხვა. შესაბამისად, საქართველოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებია: გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება; ჰაერის დაბინძურების წყაროებზე კონტროლის დაწესება; ნიადაგის დაბინძურების პრევენცია; საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა რადიოაქტიური ნარჩენებისა და სარაკეტო საწვავისაგან; საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ევროპისა და გაეროს გარემოს დაცვის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება.

ყველა განვითარებად ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ეკონომიკურმა განვითარებამ ბოლო წლებში შესაძლებელი გახადა გარემოსდაცვითი პრობლემების თანდათანობით გადაჭრა და გარემოს დაცვა გადააქცია სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად: ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა მასშტაბური სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ეკოლოგიური კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ყოველწლიურად გაიანგარიშება ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი (Environmental Performance Index, EPI), რომელიც სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიმართულებით. იგი ეფუძნება 11 კატეგორიაში გაერთიანებულ 32 ეფექტიანობის ინდიკატორს.

2020 წელს ამ ინდექსის მიხედვით კვლევის მონაწილე 180 ქვეყანას შორის საქართველო 102-ე  ადგილს იკავებდა 41.3 ქულით.

2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საზოგადოებრივი მომსახურებებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა. კვლევის მიხედვით, რესპონდენტები ქალაქში უფრო მეტად მიუთითებენ ეკოლოგიურ პრობლემებზე, ვიდრე სოფელში. კერძოდ, ჰაერის (63% – ქალაქში, ხოლო 18% – სოფელში), მიწის (47% – ქალაქში, 14% – სოფელში) და ბუნებრივი რეზერვუარების (44% – ქალაქში, 21% – სოფელში) დაბინძურებაზე. აღნიშნულ პრობლემებზე მაღალმთიან რეგიონებში კიდევ უფრო ნაკლები რესპონდენტი მიუთითებს (ჰაერი – 10%, მიწა – 10%, ბუნებრივი წყლის რეზერვუარი – 10%). მონაცემებიდან ჩანს, რომ ეკოლოგიური პრობლემები ყველაზე მეტად თბილისში შეინიშნება.  მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით  ახლა უფრო მეტი რესპონდენტი (28%) მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან გარემოსადმი მიყენებული ზიანის შესამცირებლად გატარებულ ღონისძიებებსა და დახმარებებზე.

2019 წლის დეკემბერში GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ევროპის რეგიონში გარემო ფაქტორებიდან ადამიანთა ჯანმრთელობას სწორედ ჰაერის დაბინძურება უქმნის საფრთხეს. 100 000 მოსახლეზე დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით კი ევროპის რეგიონში საქართველო მეორე ადგილს იკავებს. აქ  ყოველ 100 000 მოსახლეზე დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა წელიწადში 140-ს უდრის.

საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 2. 

ცხრილი 2

საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი

მაჩვენებელი

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

ეკოლოგიური ეფექტიანობის  ინდექსი

39.1

-

41.3

-

55.69

-

64.96

ჰაერის დაბინძურების ინდექსი

17

21

20.4

20.1

-

-

19.7

გარემოს დაბინძურების ინდექსი

69.3

69.7

71.1

72.5

73.4

72.7

69.9

CO2-ის გამონაბოლქვი

ერთ სულ მოსახლეზე (ტ)

-

3.00

2.88

2.7

4.54

3.0

2.59

აირების გამონაბოლქვი (მლნ. ტ)

-

11.65

11.24

10.11

9.57

11,558

9.65

საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გონივრული საკანონმდებლო რეგულაციების გატარება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით ინვესტორების, მეწარმეების წასახალისებლად.

პირველი კანონი გარემოს დაცვის სფეროში, კერძოდ, საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, მხოლოდ 1996 წელს იქნა მიღებული. ამ კანონით განისაზღვრა ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები და რეგულაციები ჩვენს ქვეყანაში, შემდეგ წლებში გაგრძელდა ეკოლოგიის სფეროში სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება.

2000 წელს მიღებულ იქნა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული გარემოს დაცვის მოქმედებათა პირველი ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავდა 2000-2004 წლებს.

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც შეფასდა საქართველოს წინაშე არსებული ეკოლოგიური გამოწვევები, განისაზღვრა ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები.

საქართველოს კანონის „გარემოს დაცვის შესახებ“ შესაბამისად, ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2012 წელს მიღებულ იქნა გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს 2012-2016 წლებს.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის აქტივიზა­ციის პროცესს გარემოს დაცვის სფეროში. ხელი მოეწერა სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებას. წყლის რესურსების, ატმოსფერული ჰაერის, ნარჩენების, შავი ზღვის, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების, ტყისა და სატყეო მეურნეობის, მინერალური რესურსების, კატასტროფების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ მიმართულებათა კუთხით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება გამოიჩინოს დიდი ყურადღება და შესაბამისი პოლიტიკითა და ღონისძიებებით ნელ-ნელა გამოასწოროს არსებული სიტუაცია ქვეყანაში,  შეცვალოს ის უკეთესობისაკენ, რისთვისაც აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობისა და ბუნებისდაცვითი მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა. ეს კი, რა თქმა უნდა, სწორედ სახელმწიფოს პრეროგატივაა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/43156?publication=0 ეკოლოგიური უსაფრთ­ხოე­ბის პოლიტიკა.
  2. https://mfa.gov.ge/national-security-concept ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკა.
  3. https://obrazovanie-gid.ru/pereskazy1/ekologicheskie-problemy-gruzii-kratko.html ЭКОЛОГИЧЕСКИЕ ПРОБЛЕМЫ ГРУЗИИ КРАТКО
  4. http://mastsavlebeli.ge/?p=17782
  5. https://sustainability.ge/epi-2020/
  6. http://geoeconomics.ge/?p=13288
  7. https://www.renovablesverdes.com/ka/huella-ecologica-2/
  8. https://nonews.co/directory/lists/countries/ecology
  9. https://nonews.co/directory/lists/countries/pollution-rating
  10. https://www.iqair.com/ru/world-most-polluted-countries Самые загрязненные страны и регионы мира (история данных за 2018-2022 гг.)
  11. https://www.numbeo.com/pollution/rankings_by_country.jsp?title=2022https://www.numbeo.com/ pollution/ ra nki ngs_by_country.jsp?title=2022 Pollution Index by Country
  12. https://www.theglobaleconomy.com/